გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 30 მაისი 2023, 17:48
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებები მისი მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაციაა.

ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ტრიბუნა მკვეთრი გზავნილისთვის გამოეყენებინა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, მან პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მცდარი განცხადებები გაახმოვანა.

„ანუ, რუსეთი აპრიორი კი არ იყო აგრესიული, კი არ ერჩოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არ ცდილობდა ჩვენს განადგურებას, არამედ ჩვენ გავაღიზიანეთ, რადგან გვინდოდა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით, ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე.

ჩვენივე ისტორია და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ისტორია არის დასტური, პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ? მოლდოვაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დნესტრისპირეთში და რატომაა ჯერ კიდევ ოკუპაციის პრობლემა ამ რეგიონში? ასევე უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ვაჭრობაზე ათქმევინა უარი",- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პრემიერის ამ ქცევას ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს, რადგან ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

„ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს და რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ, რომ შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას. რატომ შეიძლება, რომ დასავლეთის მიერ წარსულში დაშვებულ მძიმე შეცდომებს იყენებდე არა იმისთვის, რომ იგივე შეცდომა აღარ დაუშვან და სწრაფად მიგვიღონ ნატო-სა და ევროკავშირში, არამედ ამის ნაცვლად იძახდე, რომ მაშინ თქვენ ცუდად მოიქეცით და დღეს ნუ გვთხოვთ, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგო. რატომ უნდა ამბობდე იმაზე, რაც რუსეთის აგრესიის გამო ხდება, რომ ვერცერთი მხრიდან, ვერც რუსეთის და ვერც დასავლეთის მხრიდან ვერ ვხედავთ ნაბიჯებს მშვიდობისთვისო, ანუ ბოროტება და სიკეთე ერთ ქვაბში მოხარშა. ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი, ეს არ არის უბრალო სიტყვა და როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი