ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზი უფრო დამძიმდება, შემდეგი იქნება, რომ ნატო და ევროკავშირი არ გვჭირდება -„ქართული ოცნების“ შეფასებები გასაგებია, მნიშვნელოვანია, რას დავუპირისპირებთ ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 30 მაისი 2023, 22:29

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის, მას საქართველოს იმიჯი, ევროპასთან მიმართებით, არ აინტერესებს - შიდა აუდიტორია ჰყავს და მასზე ავრცელებს პროპაგანდისტულ "მესიჯებს", თითქოს ომი დაიწყება, თუ ჩვენ დასავლეთში ვინტეგრირდებით, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა და ამით შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადება.


როგორც ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მომავალი პროპაგანდისთვის ნიადაგს იმზადებს და საზოგადოებამ უნდა მოიფიქროს, ამ საინფორმაციო ომს როგორ დაუპირისპირდეს.


მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს ორიენტირი რუსეთის ეკონომიკაზე გადაწყობაა, ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები არსებობს.


„მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო“, შეცდომაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის და მისგან ჩვენი პარტნიორების ლანძღვა და გინება არაერთხელ მოგვისმენია. ეს პრინციპული, ძალიან მძიმე პროპაგანდისტული ხაზია, რომელიც, ალბათ, კიდევ უფრო დამძიმდება. შემდეგი იქნება ის, რომ ჩვენ არც ნატო და არც ევროკავშირი არ გვჭირდება. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გაძნელდება, ევროპა და რუსეთთან ცრუ მოლაპარაკებები პინაზე დაიდება. ეს მოლაპარაკებები, ალბათ, წარმოჩინდება ისე, თითქოს ეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ხდება, რაც ისტორიულად არარსებული ფაქტია.ისტორიაში არცერთი მიმართულებით არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსეთს ვინმესთვის რაიმე ნაგლეჯი მაინც დაებრუნებინოს. ყველაფერი ეკონომიკური ექსპანსიით იწყება და შემდეგ ეკონომიკურზე გადადის პოლიტიკურ ექსპანსიაში. ჩვენ რუსეთთან შეთანხმებით ტერიტორიებს კი ვერ დავიბრუნებთ, პირიქით, მთელს საქართველოს რუსეთი შეისრუტავს და ამაზე მოსახლეობას უნდა ვესაუბროთ.


უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის, მას საქართველოს იმიჯი ევროპასთან მიმართებით არ აინტერესებს. ღარიბაშვილს ჰყავს შიდა აუდიტორია და მასზე ავრცელებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, თითქოს ომი დაიწყება, თუ ჩვენ დასავლეთში ვინტეგრირდებით. უნდა დავიმახსოვროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით, მაგრამ მის მისაღებად ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო. ეს ძალისხმევა იქნებოდა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კამპანიის შეწყვეტა და რეფორმების გატარება, მაგალითად მართლმსაჯულების, დეპოლარიზაციის მიმართულებით. მგონია, „ქართული ოცნება“ ნიადაგს იმზადებს მომავალი პროპაგანდისთვის და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საინფორმაციო ომს.


ბიძინა ივანიშვილმა აიღო დიდი ქვაბი და ამ ქვაბში ჩაყარა ყველა - ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი, ზელენსკი, ევროკავშირი, კრიტიკული მედია და ნივთიერება, რომელიც გამოვიდა, გადაითარგმნა იმაში, რომ ჩვენ ომი გვინდა. „ქართული ოცნების“ შეფასებები ჩემთვის გასაგებია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ ჩვენ, ოპოზიცია, რას დავუპირისპირებთ მათ. ეს არის პირველი მთავრობა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ არჩევანს ღიად ეწინააღმდეგება. მათი პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს საქართველოს სრული იზოლაცია, სხვა გასაქანი ამას არ ექნება. იმ კონფიგურაციაში, როდესაც უკრაინის შეტევების ფონზე რუსეთი დასუსტდა და თავის ტერიტორიებს ვეღარ იცავს, ის, რომ საქართველოს ორიენტირი რუსეთის ეკონომიკაზე გადაწყობაა, ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, ფარული მოლაპარაკებები არსებობს. მე არ ვიცი ეს რა ფარული ხაზია, მაგრამ ოდესმე პასუხი გაეცემა, რადგან ისტორია უპასუხოდ არაფერს ტოვებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


ხატია დეკანოიძემ, ასევე, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, მისი და რომან გოცირიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყოფილი თანაგუნდელებისგან უხერხული კომენტარები მოისმინა და უცნაურია, რომ პატარა პოლიტიკურ ჯგუფზე ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საუბარი, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ეს ამბავი ასეთი რეზონანსული გახდა.


„ხუთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ პარლამენტში კლანის გაძლიერებას მისცა ხმა. სიმართლე არის ერთი, ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისაგან ძალიან უხერხული რეპლიკები მოვისმინე. ამ ინიციატივის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ჩვენ მეტი დრო გქონდეს, შეხვედრებზე მინისტრების დაბარება შეგვეძლოს და ასევე, პარლამენტში ახალგაზრდები, სტუდენტები მოვიზიდოთ. ჩანაფიქრი ეს იყო. არ ვაპირებ ვინმეს ტალახის სროლაში შევყვე, რადგან ყველაფერი ისედაც გასაგებია. არ ვიცი როგორ დასრულდება ხმის მიცემა, მაგრამ უცნაურია, რომ პატარა პოლიტიკურ ჯგუფზე ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საუბარი, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ეს ამბავი ასეთი რეზონანსული გახდა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
არქივი