„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 27 აპრილი 2024, 18:11

კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში იქნა განხილული და გაზიარებული. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს. მით უფრო, როდესაც ეს შეეხება ქვეყანაში შემომავალი ფინანსების წარმომავლობას, - ასე აფასებს „იმედინიუსთან“ საუბარში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის „ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღებით მოიგებს საქართველო და მისი საზოგადოება, რომელიც ინფორმირებული იქნება რომელი ქვეყნიდან ფინანსდება როგორც ბიზნესი, ისე სხვა ორგანიზაციები საქართველოში.

„საქართველოში ბიზნესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მათ შორის, გამჭვირვალეა ჩვენი ინვესტიციების წარმომავლობაც. ამდენად, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს. მაშინ როდესაც, სახელმწიფო სექტორი, კონკრეტული ჩინოვნიკი და ბიზნესმენი კანონით ვალდებულია საზოგადოებას წარუდგინოს ქონებრივი თუ სხვა ფორმის დეკლარაცია, გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდეს არასამთავრობო სექტორი. მითუმეტეს, როდესაც სუბიექტის საქმიანობა ეხება საქართველოს მომავალი თაობის სულიერ და კულტურულ სიჯანსაღეს და მოქალაქეობრივ შეგნებას,“ - აღნიშნავს ირაკლი ბექაური.

„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, შენარჩუნდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილური გარემო, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობა. „არ მახსენდება მთავრობის არცერთი მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბიზნესის საქმიანობაზე გავლენას მოახდენდა და ოფიციალურ განხილვებამდე ჩვენთვის არ იყო წარდგენილი სადისკუსიოდ. ტრადიციულად, ყოველი ასეთი ინიციატივის დროს ხდებოდა და ხდება ჩვენი მოსაზრებების და შენიშვნების სახელმწიფო ინტერესებთან შეჯერება და გაზიარება,“ - აღნიშნავს ირაკლი ბექაური.

მისი თქმით, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში ბიზნესი თავისუფალია დამატებითი ბიუროკრატიული წნეხისგან, რაც მას შემდგომი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი