გიორგი კაპანაძე: "დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა ფულის უკანონო ლეგალიზაციაში იყვნენ ჩართული"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1448 06 დეკემბერი 2019, 00:14
"გიგი უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება", - განაცხადა  ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძე, (იგივე "რიჟა") და მეორე დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხეს, სადაც სასამართლოს მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას დავალებით ის საბუთებს აყალბებდა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ასობით ათასი ლარი შემოჰქონდა, რომელიც შემდეგ,  წინასაარჩევნო მიზნებით გამოიყენებოდა. 

 ბიზნესმენი აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები.

კაპანაძის თქმით, მას უგულავასგან პირდაპირ არასდროს მიუღია დავალება და ეს შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. ბიზნესმენმა დაკითხვისას თქვა, რომ მას დიდი ინტერესი ჰქონდა უგულავასთან შეხვედრის, თუმცა, ფულის გათეტრების პროცესში ეს ვერ მოხერხდა.                                                                                                                                                                  



კაპანაძის ჩვეებით, უგულავას მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით შეხვდა საკალათბურთო მატჩის დროს, სადაც ეს ტრანზაქციები განიხილეს, თუმცა მისივე თქმით, ამ საუბრის დადასტურებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ ამბობს, რომ იქ იყვნენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და  ფაქტი, რომ ის და გიგი უგულავა ერთმანეთს შეხვდნენ გადაირეს. 

გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ლონდონში  მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა, რომელშიც კაპანაძეს ჩვენების მიცემას უკრძალავდნენ და ემუქრებოდნენ. 

"საუბარია, თანხების უკანონო ლეგალიზაციაზე, რომელიც 2014 წელს იყო. ჩართული პირები იყვნენ დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. მათი დაკავების შემდეგ იყო მუქარები. ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს მივმართე. მუქარა ჩემ ოჯახს ეხებოდა. უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი და ჩვენება აღარ მიმეცა. უგულავა და კეზერაშვილი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ. ეს ხდებოდა ფიქტიური ხელშეკრულებებით", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

"გიგი უგულავასა და საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულთან ესემეს მიმოწერები არსებობს, რომელიც თანხის გადმორიცხვის დაჩქარებას ეხებოდა. მოწმე გიორგი კაპანაძის განმარტებით, თანხები მიდიოდა მათ შორის ბრალდებულ გიორგი უგულავასთან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი აცხადებს, გიორგი კაპანაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება დამაჯერებელია. პროკურორი აცხადებს, რომ გიორგი კაპანაძეს ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობას სთხოვდნენ.

"მოწმემ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემობასთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ფულის გათეთრების სქემას და ამ სქემაში ჩართულ პირებს. მათ შორის, ბრალდებულ გიორგი უგულავას. მოწმის განმარტებები ასევე დასტურდება ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ამ საქმეში სხვა ბრალდებულ პირთან გიორგი უგულავას მიმოწერებით. დაცვის მხარის მიერ წარმოებული დაკითხვა არ შეეხებოდა ფულის გათეთრების სქემას, მხოლოდ არაარსებითი კითხვები იყო, რომელსაც ფულის გათეთრებასთან, მასში ჩართულ პირებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. 

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე შეეხება ფულის გათეთრებას. ეს იყო გიორგი კაპანაძეზე მუქარით განხორციელებული ქმედება. მუქარის ამსახველი ტექსტის დოკუმენტი მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოდგენილია. მოწმე, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი იყო. მოწმის მიერ მიცემული განმარტებები თანხვედრაშია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერთან. 

გიორგი კაპანაძის როლი შუამავლობა იყო, ის თანხის ერთგვარი გამტარი იყო, მისი შესაძლებლობები, მისი კომპანიები იქნა გამოყენებული. რა იყო ამის მოტივაცია და მიზეზი, თუ რის გამო სთხოვეს ეს ყველაფერი, მან სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვიმეორებ, არსებობს გიორგი უგულავასა და ამ საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულთან ესემეს მიმოწერები, რომელიც სწორედ თანხის გადმორიცხვის დაჩქარებას ეხებოდა. რაც შეეხება გიორგი კაპანაძის გიგი უგულავასთან შეხვედრას, მან ეს დაადასტურა და ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. მოწმის განმარტებით, თანხები მიდიოდა მათ შორის ბრალდებულ გიორგი უგულავასთან", - აცხადებს სადრაძე.

გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. რომ სასამართლოში დაკითხული ბიზნესმენი  გიორგი კაპანაძე არასანდო მოწმეა. ადვოკატი „რიჟას“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ის ყველაფრის მკადრებელია“.
                         
"მოწმე უაღრესად დაბნეული იყო და თავისსავე პასუხებში იხლართებოდა. მისი განმარტება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონში განხორციელებულ მუქარაზე იქ არ მიმართა სამართალდამცავებს. ამის საფუძველი გახდა ის, რომ ლონდონის პოლიციას არ ენდობოდა და ამის შემდეგ ფინანსთა სამონისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა ლონდონში განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით. თან, ეს ამ სავარაუდო მუქარიდან, 2-3 კვირის შემდეგ. ამაზე არასერიოზული და ამაზე დამაეჭვებელი ამ ადამიანის ჩვენებაში რა უნდა იყოს?! 

მოგეხსენებათ, ეს ვირტუალური მუქარის ფარატინა ქაღალდი გახდა გიგი უგულავას 9-თვიანი უკანონო პატიმრობის საფუძველი. იგივე მოწმემ განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალა, მისი მეუღლის ხელმოწერა ორგზის გაეყალბებინათ, ის, რომ მისი მეუღლე საქმის კურსში არ ყოფილა. რაც შეეხება ამ საქმის გიგი უგულავასთან კავშირს, მოწმემ თქვა, რომ არც გიგი უგულავასა და გიორგი ღონიაშვილს შორის საუბარს არ შესწრებია, არ უნახავს მათ შორის მიმოწერა, არ უნახავს გიგი უგულავა რამე თანხას იღებდა თუ არა, შესაბამისად, გიგის ამ საქმეში შემხებლობა არაფრით დასტურდება.

მოწმე საუბრობს, თანხები პარტიის დაფინანსების საკითხს შეეხებოდაო. თუ პარტიის დაფინანსების წესი არის დარღვეული, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის. გიგი უგულავას მხრიდან პარტიის უკანონო დაფინანსებას ადგილი რომც ჰქონოდა, ეს იმდაგვარი ქმედებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყოველ მეორე დღეს და ყოველ არჩევნებზე სჩადის, სჩადიოდა 2012 წელსაც და დღესაც", - აცხადებს ბექა ბასილაია.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.


 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი