იუსტიციის სამინისტრო - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 16 ივნისი 2022, 14:34

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად, გამოქვეყნდა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან დაეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.

მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.

„ევროპული კომიტეტის დადებითი შეფასება მიიღო პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემამაც; კერძოდ, CPT-ის ანგარიშის მიხედვით, სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია გადამდებ დაავადებათა კონსულტაცია და მკურნალობა. კომიტეტის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მიერ პენიტენციურ სისტემაში COVID-ის მართვის პრაქტიკამ, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია ან ასახულია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ 10-წლიან სტრატეგიაში; კერძოდ, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე. ევროპულ კომიტეტს უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 2151-მა პატიმარმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ქალი პატიმრების გამარჯვება. ასევე, CPT-ის ვიზიტის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში დამტკიცდა სპორტის მართვის ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები მოამზადებენ. სპორტული მოედნები განახლდა №5, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ; დასაქმებულია 1000-ზე მეტი პატიმარი და ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

ევროპული კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციაა პატიმრებს შორის ძალადობის შემცირება/პრევენცია და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა. CPT-ს მიეწოდა ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის ძალადობის ან ერთმანეთზე ზემოქმედების ნებისმიერ მცდელობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური ახდენს მყისიერ რეაგირებას. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების შეფასება, რის შედეგადაც ხდება ცალკეული პატიმრის გადაყვანა მაღალი რისკის დაწესებულებებში. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწყება გამოძიება და ხდება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდება ახალი პენიტენციური დაწესებულებების ამოქმედებისა და არსებული დაწესებულებების უფრო მეტად განტვირთვის შემდეგ; კერძოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც 700-მდე პატიმარზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი დაწყებულია. ამასთან, დასაქმებულთა პირობები ეტაპობრივად უმჯობესდება.

CPT-მ ითხოვა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ცალკეულ ინციდენტთან დაკავშირებითაც, რაც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დადგენილ ვადაში მიეწოდა.

ევროპული კომიტეტი განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იუსტიციის მინისტრის მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს როგორც CPT-თან, ისე სახალხო დამცველთან. საქართველოს პენიტენციური სისტემის ღიაობას დამატებით ადასტურებს CPT-ის ანგარიშის გამოქვეყნება, რაც იუსტიციის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე განხორციელდა. პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება CPT-ის რეკომენდაციები. უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს.

CPT-ის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის 17-24 მაისს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა 4 პენიტენციური დაწესებულება (№2, №14, №15 და № 17)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი