აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჟღერებულმა ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნავთობის ფასმა ჯერ მკვეთრად იმატა, ხოლო ცოტა ხანში დასტაბილურდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
ასე, მაგალითად, Brent-ის მარკის ნავთობი 10 ცენტით, 71,58 დოლარამდე შემცირდა, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 11 ცენტით, 69,11 დოლარამდე დაეცა. მაგრამ მოგვიანებით ფასმა ზრდა დაიწყო.
როგორც Reuters-ი იუწყება, ორივე ტიპის ნავთობი 29 ივლისს 20 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასად იყიდებოდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ სანავთობო ბაზარზე ფასთან ასეთი რყევის მიზეზი ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების იდეა გახდა. ამასთან ერთად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთი გააფრთხილა, რომ თუ ოფიციალური პეკინი რუსული ნავთობის შესყიდვას განაგრძობს, მას 100-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსულ ნავთობზე უარის თქმას ჯერ არ აპირებს.
„მოსალოდნელია, რომ 4-5 დოლარის ფარგლებში რისკის პრემია, რომელიც ბოლო დღეებშია შემოღებული, შენარჩუნდება, თუ პუტინი დათმობაზე არ წავა“, - განუცხადა სააგენტოს ანალიტიკური კომპანია Vanda Insights-ის დამფუძნებელმა, ვანდანა ჰარიმ.
ამასთან ერთად, ბაზარი ელოდება, რომ ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტი გაიზრდება, რაც ფასების ზრდას შეაჩერებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |