„დინამო არენზე“ გამართულ შეხვედრაში ვილი სანიოლმა კვლავ 4-მცველიანი სქემით ითამაშა, მაგრამ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და მასთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც თადარიგში დატოვა და სასტარტო თერთმეტეულში ნიკა გაგნიძე და ირაკლი აზაროვი ათამაშა. დაცვის ცენტრში კი გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი დააყენა. გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა.
პირველ წუთებში ბულგარელებმა მწვავე კონტრშეტევით კინაღამ ანგარიში გახსნეს – ორიოდე მეტრიდან მარინ პეტკოვის თავური დარტყმისას გიორგი მამარდაშვილმა აშკარა გოლისგან გვიხსნა. მალე სტუმრები მეკარემ გადაარჩინა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძემ მწვავედ შეუტია.
„ჯვაროსნებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. ეს ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალურად მოახერხა – ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა, მერე კი კარში დაარტყა, მეკარემაც არადამაჯერებლად ითამაშა და – 1:0.
43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშილის მიერ სწრაფად განვითარებული შეტევა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდი უპირატესობას დაეუფლა, ბულგარელები კი თითქოს ბედს შეეგუვნენ და 64-ე წუთზე მესამე გოლიც გაუშვეს – გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და მორიგი 21-ე სანაკრებო გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო დაუხლოვდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |