უიმედოდ ველოდებით, რომ რომელიმე უცხოურმა აქტორმა, განსაკუთრებით მათ, ვინც აქტიურები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ კომენტარებში, შეაფასოს და დაგმოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა თბილისში, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე საერთაშორისო აქტორების დუმილის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრამდე და შემდეგაც აგრესიული დემონსტრანტების მიმართ წამახალისებელი და მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა.
„უიმედოდ ველოდებით, რომ რომელიმე უცხოურმა აქტორმა, განსაკუთრებით მათ, ვინც აქტიურები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ კომენტარებში, შეაფასოს და დაგმოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. წარმოუდგენელია, როდესაც დასავლურ ინსტიტუციას წარმოადგენ, არ გქონდეს ნეგატიური შეფასება სახელმწიფო გადატრიალებისა და დამხობის მცდელობაზე.
ამის საპირისპიროდ კი ვხედავთ, როგორ ახალისებდნენ 4 ოქტომბრამდე და შემდგომაც იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ, როგორ გადაუსვეს თავზე ხელი და როგორ შეაქეს გარედან ის აგრესიული დემონსტრანტები, ვინც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის 35 ადამიანია დაკავებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |