აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
მოსამართლეებმა გააუქმეს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბლოკავდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც პასპორტებში პირის სქესი დაბადების მოწმობაში მითითებულს უნდა ასახავდეს.
უზენაესი სასამართლოს ეს დადგენილება ძალაში რჩება, ვიდრე ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განიხილება.
„პასპორტის მფლობელის დაბადებისას მითითებული სქესის მითითება არ არღვევს თანასწორი დაცვის პრინციპებს ისევე, როგორც მისი დაბადების ქვეყნის მითითება - ორივე შემთხვევაში, მთავრობა უბრალოდ ადასტურებს ისტორიულ ფაქტს, ვინმეს მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გარეშე“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობის განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციამ პასპორტის მფლობელებს უფლება მისცა, საკუთარი სქესი M (მამრობითი), F (მდედრობითი) ან X მარკერით აღენიშნათ. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ ადამიანი არაბინარული, ინტერსექსი ან გენდერულად არაკონფორმულია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |