ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი BBC-ის სტატიის ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.
იგი სტატიას სამარცხვინოს და ურცხვ დეზინფორმაციას უწოდებს.
„წელს BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სტატია ეხება ბრალდებას, რომ თითქოს 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური შეიარაღება გამოიყენა. ეს გახლავთ ურცხვი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი სამარცხვინო შემთხვევა, BBC-ის მიერ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის გაყალბების ფონზე.
თბილისში საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ. აქციებმა 2 თვეს გასტანა, ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე. საპროტესტო გამოსვლებს ზურგს უმაგრებდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ 2024 წლის ივნისში საქართველოსთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები შეეჩერებინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას თითქოს, ევროპასა და რუსეთს შორის უწევდა არჩევანის გაკეთება. ქართველთა უმრავლესობისთვის კი ეს იყო უბრალოდ არჩევნები, რომლის პირობებშიც უნდა გადაეწყვიტათ, თუ ვინ ერჩივნათ ქვეყნის მმართველად”, - წერს იან პრაუდი.
ბრიტანელი ანალიტიკოსი მომიტინგეების აგრესიულ ქცევასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ფოირვერკის ზარბაზნის მსგავსი მოწყობილობის გამოყენების ამსახველი ვიდეომასალის ნახვა ინტერნეტშიც შეიძლება.
„მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, მათ შორის გახლდათ ასევე აგრესიულად განწყობილი ნაწილი, რომელიც ცდილობდა სამთავრობო შენობებში შეჭრას, ტროტუარების აყრას და საგზაო ინფრასტრუქტურის განადგურებას, ხოლო ნამსხვრევებს პოლიციაზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ზოგიერთი მათგანი უფრო საშიშ თვითნაკეთ იარაღს იყენებდა, მათ შორის ფოირვერკის ზარბაზნის მსგავს მოწყობილობას, რომლის ვიდეოებიც შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში. გამოყენებული იყო მოლოტოვის კოქტეილები და ლაზერები. ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. დემონსტრაციების დროს 160 პოლიციელი დაშავდა.
საპასუხოდ, საქართველოს პოლიციამ გამოიყენა სხვადასხვა მიდგომა, მათ შორის, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილე რიგი, წარმოუდგენლად აგრესიული მოქალაქეების პირისპირ მყოფმა პოლიციამ შეძლო უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმისა და მოთმინების უნარის გამოჩენა. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ მიიღო ფიზიკური დაზიანებაც, ზოგს კი წიწაკის სპრეის შესხურებასთან დაკავშირებული სიმპტომები აღმოაჩნდა - ეს დეტალები ისეთი ორგანიზაციების მიერ იყო გამოკვლეული როგორიცაა HUMANS RIGHTS WATCH და AMNESTY INTERNATIONAL”, - ამბობს იან პრაუდი.
მისი შეფასებით, ამიტომ გასაკვირი იყო BBC-ის სტატიის ხილვა კამიტის გამოყენების შესახებ.
„ამიტომაც, გასაოცარი იყო ამ კვირაში BBC-ის სტატიის ხილვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოს პოლიციამ გამოიყენა ქიმიური აგენტი სახელწოდებით კამიტი, რომელიც ფრანგებმა შეიმუშავეს პირველ მსოფლიო ომში.
BBC-ის რეპორტაჟი, რბილად რომ ვთქვათ, მტკიცებულებების მხრივ ძალიან მწირია. ის დიდწილად ეყრდნობა საქართველოს პოლიციის 2019 წლის ინვენტარიზაციის გაჟონილ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს კოდის დეტალებს და განეკუთვნება სამრეწველო ქიმიკატების დიდ ოჯახს, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ბრომბენზილციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტი.
350-მა მომიტინგემ შეავსო გამოკითხვა, სადაც აღწერდნენ თავიანთ სიმპტომებს ქართველი ექიმისთვის, რომელიც ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტია და რომლის მამა იყო ჩართული თბილისში საპრეზიდენტო სასახლეში შეჭრის მცდელობაში არეულობის დროს. ამ 350 ადამიანს არ ჩატარებია ტოქსიკოლოგიური კვლევა - სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამტკიცებდა, რომ მათ ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ.
მტკიცებულებად წარმოდგენილია ყოფილი პოლიციელის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ ქიმიური შენაერთები 2009 წელს, წყლის ჭავლში იქნა გამოყენებული. ახლა ეს პირი, ბევრისთვის არცთუ ისე მოულოდნელად უკრაინაში ცხოვრობს. არ არსებობს მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ქიმიური იარაღის გამოყენებას.
ეს გახლავთ BBC-ის მიერ პირდაპირი დეზინფორმაცია”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
იგი BBC-ის მასალაზე საქართველოს ხელისუფლების განცხადებებსა და და შეფასებებსაც მიმოიხილავს. იგი აქვე იხსენებს BBC-ის მიერ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის გაყალბებას და შემდგომ განვითარებულ პროცესებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა BBC-ის სიუჟეტს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების მცდელობა და ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯი უწოდა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ BBC-მ შეუსაბამოდ გააშუქა მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომწურავი პასუხები გასცა ბრიტანელ ჟურნალისტებს. სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა სამართლებრივი დავის წამოწყება საერთაშორისო სასამართლოში.
სტატიას BBC-ის მიერ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობის შემაშფოთებელი ელფერი დაჰკრავს. ეს მოსდევს კიდევ ერთ სკანდალს, კონკრეტულად კი დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის გაყალბებას. ამ შემთხვევას შეეწირა BBC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო დონალდ ტრამპი BBC-ის სამართლებრივი დავით ემუქრება.
დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის გაყალბების შედეგად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის 2021 წლის 6 იანვარს მოქალაქეებს კაპიტოლიუმის შენობის იერიშისკენ მოუწოდებდა, როდესაც ეს სიცრუეა. ზუსტად ისევე, როგორც BBC-ის მიერ შეთხზული ამბავი, თუ როგორ გაუსწორდა ქართული პოლიცია აქციის მონაწილეებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმური იარაღით. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, BBC-ი ბრიტანული და ევროპული ტრამპოფობიის მორევში გადაეშვა, საქართველოს შემთხვევაში, ის ეყრდნობა სრულიად ცრუ იდეას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად პუტინის რუსეთთან არის დაკავშირებული, რისი მტკიცებულებაც ასევე არ არსებობს.
ტრამპის შემთხვევაში, იმედი იყო, რომ ასეთი ვიდეოები შეარყევდა მის მხარდაჭერას და გააძლიერებდა კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში. ახლა კი საქართველოს შემთხვევაში, BBC-ის მიზანი საქართველოს ხელისუფლების სახელის შებღალვაა, ევროპული და ამერიკული პოლიტიკური ელიტის ნაწილის მხარდაჭერის მიზნით, რათა მათ შეძლონ საქართველოს ხელისუფლების მოშორება.
რაც გვაბრუნებს 2024 წლის ბოლოს გამართულ საპროტესტო აქციებამდე, რომლებიც დაფინანსდა დასავლელი დონორების მიერ და რომლებმაც ბოლო წლებში საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციებით გაავსეს. ეს აქტივისტები წარმოადგენენ „შუბის წვერს“ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ მიმართულ კამპანიაში, სრულიად ყრუები და ბრმები არიან საქართველოსთვის ამის პოტენციურად დამანგრეველი შედეგების მიმართ - თუმცა, ეს შედეგები უკრაინის „სიკვდილის ველებზე“ ყოველდღიურად ვლინდება”, - მიაჩნია იან პრაუდს.
მისი შეფასებით, ამ სტატიის დამჯერე ადამიანებს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება სურთ.
„მაღალი შემართებითა და დაბალი ინტელექტით შეიარაღებული, ამ სტატიის დამჯერე ადამიანი ისეა მოწადინებული ხელისუფლების ჩამოგდებით, რომ ქართული ოპოზიციის დაქსაქსულობის ფონზე არც კი დარდობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება, ჩაანაცვლოს ხელისუფლება.
მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნები კარგად ჩატარდა. იმავე დასკვნის თანახმად, ყველა პოლიტიკურ ძალას პროცესებში მონაწილეობის სრული თავისუფლება ჰქონდა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დიდი ფინანსური უპირატესობა და საბოლოო ჯამში ხმის მიმცემთა 54 პროცენტის მხარდაჭერაც მიიღო.
უკრაინის მსგავსად, ფაქტები და რეალობა სრულად არის მოწყვეტილი თავად კამპანიის მოთხოვნილებებს. 2024 წლის არჩევნების შედეგებს კვლავ უწოდებენ არალეგიტიმურს როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის პოლიტიკური აქტორები, და მოითხოვენ ხმების გაუქმებას. ჰელსინკის კომისია ზეწოლას ახდენს მასშტაბური სანქციების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ევროკავშირმა საქართველო შეძლებისდაგვარად უკან ჩააჩოჩა კანდიდატი სახელმწიფოების ინტეგრაციის გზაზე, შეაჩერა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და იმუქრება უვიზო რეჟიმის გაუქმებით. რიგი ბრიტანელი პოლიტიკოსი საქართველოსთვის სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს. ეს არამხოლოდ სასაცილო, არამედ არასამართლიანია”, - აცხადებს იან პრაუდი.
ამასთან ბრიტანელი ანალიტიკოსი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც საუბრობს.
„მძიმე საწყისებიდან დღემდე, დამოუკიდებელმა საქართველომ ბევრს მიაღწია. ხელისუფლების პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ეკონომიკური ზრდა წელს 7.6 პროცენტია, 2024 წელს კი 9 პროცენტი იყო. საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის ცნობით მეშვიდეა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა, მაგრამ დიდ ბრიტანეთზე და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაზე წინ, დანიის სამეფოს გამოკლებით. ჩანდლერის ინსტიტუტის კვლევით კი ის მე-15 ადგილზეა მსოფლიოში სტაბილური ბიზნესის თვალსაზრისით, ევროკავშირის 4 სახელმწიფოს გამოკლებით ყველაზე წინ. საქართველო წინ უსწრებს გლობალურ რეიტინგებში ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინას.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და საკუთარი თავის შეწირვა ევროპის გეოპოლიტიკური პროექტის კატასტროფაში არ იქნებოდა მართებული ნაბიჯი. როგორც ვნახეთ უკრაინაში, ევროპა მუდამ მზადაა, რუსეთს სხვისი სხეულებით ეომოს.
BBC-ის მოტივაცია ნათელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. BBC უკვე 4 წელია ავითარებს თვალსაზრისს, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები თავიდან იყოს აცილებული. ეს თვალსაზრისი იშლება ერთი მხრივ, ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის, მეორე მხრივ კი რუსეთის ფრონტზე წინსვლისა და უკრაინული კორუფციის ფონზე.
ნათელია, რომ სახელმწიფო გადატრიალების ახალი სამიზნე აირჩიეს და ის საქართველოა. BBC-ი არის სირცხვილი და გული მწყდება, რომ ის ჩემს სამშობლოს დასაცინს ხდის”, - აცხადებს იან პრაუდი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |