9
06 დეკემბერი 2025, 17:54
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის ფილმის ერთ-ერთ რესპონდენტზე, ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და არავის გაუკვირდება, რომ გამოიკვეთოს და დადასტურდეს შერგელაშვილის ბრალეულობა.
„არავის გაუკვირდება, რომ გამოიკვეთოს და დადასტურდეს მისი ბრალეულობა. პარალელურად რაღაც აჟიოტაჟი შემოეტანა და დივერსიული აქტები განეხორციელებინა საქართველოში. ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას. ჩვენ ასეთებს ტყუილად უსამშობლოებს არ ვეძახით. სამწუხაროდ, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები დანარჩენი - ემსახურებიან უცხო ძალებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |