სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციაულ სამართალდარღვევის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.
„შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს.
გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილის ან სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა ან ჩატარების ადგილი ან/და სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ან/და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას. ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებს.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ან/და სვლა-გეზზე შეკრებას ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით.
ამასთან, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, - განაცხადა კირცხალიამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |