უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული შეხედულებების პრიზმაში. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანებს. ჩვენ გვაქვს 2 მთავარი ეროვნული ამოცანა - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ 2 მიზნის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა.
„როცა ვსაუბრობთ ჩვენ აშშ-ზე, თავისთავად იმ ქვეყანაზე, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება.
ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, თავადაც მგონი ბევრი ხედავს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არც ერთი მოსაზრება ჩვენ დაპატენტებული არ გვაქვს და რა თქმა უნდა, როდესაც სხვები აგნებენ იმას, რასაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივაგენით, ეს მე მგონი, მათთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ დააფასონ ის, რომ ჩვენ არა ბირთვულმა სახელმწიფომ ამერიკის მსგავსად, არამედ 3,5 მილიონმა საქართველომ დიდი ხნით ადრე ვამხილეთ კიდევაც - იქნება ეს „დიფ სთეითი“ თუ ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა, თუნდაც ევროპის კონტინენტზე და ამის წინააღმდეგ დავდექით კიდეც მყარად.
ამიტომ, იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილება და ურთიერთობების დაახლოება მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვმოქმედებთ არავისზე შემყურედ, არც ერთი გეოგრაფიული მიმართულებით. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს და ჩვენს მეგობრობის გაწვდილ ხელს საპასუხოდ გამოუწვდის, ყველასთან, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი ურთიერთობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |