53
09 დეკემბერი 2025, 14:20
„მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ გლობალური მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკურ გადალაგებას, სადაც საერთაშორისო პროცესებმა ცალსახად დაგვანახა საქართველოს საგარეო კურსის სწორი და უალტერნატივო არჩევანი. ტრამპის ახალი სტრატეგია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება „დოქტრინა“ ვუწოდოთ, ბრიუსელს ძალიან მარტივი გადაწყვეტილების წინაშე აყენებს: ან ევროპული ბიუროკრატია საკუთარ ხალხთა ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ განახლებას დაიწყებს, ან კალასების, ფონ დერ ლაიენებისა და მაკრონების პოლიტიკურ „განსასვენებლად“ იქცევა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში გამიჩნდა, რომ ბრიუსელის მიმართ უპირობო ნდობა სწორი არ არის. მისივე განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ უნდა მოექცეს გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ. ამასთან, შიდა პოლიტიკა არ შეიძლება მთლიანად დამოკიდებული გახდეს არასამთავრობო სექტორის გავლენაზე ან მისი კონტროლის სფეროდ გადაიქცეს.
“თუ ამ ყველაფერს კარგად არ გავითავისებდით და სხვა კურსს ავირჩევდით, ახლა უკვე ნათლად ჩანს, სად წავიდოდა ქვეყანა და რა საფრთხის წინაშე დავდგებოდით. დღეს, დიდი ალბათობით, უკრაინის უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, სადაც სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს ნახშირად აიღოს უკრაინა თუ ხე-ტყედ ჩაიბაროს.
ბოლო დღეებში ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენება განათლების რეფორმასა და ინვესტიციებზე, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, პირველად ისტორიაში სახელმწიფო უნივერსიტეტები გახდეს უფასო, ლექტორებს ჰქონდეთ ღირსეული, 10 000 ლარზე მეტი ანაზღაურება, ქვეყანაში შემოდის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები და უკვე იწყება საუბარი 36-მილიარდიანი ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე.
ახლა ნათლად ჩანს განსხვავება ბრიუსელს აყოლილ, სამწუხაროდ, უბედურებაში ჩაგდებულ უკრაინასა და სუვერენულ საქართველოს შორის — სრულიად განსხვავებულ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა.
აშშ-ის ახალი სტრატეგიისა და გეოპოლიტიკური გადალაგების ფონზე მკაფიოდ გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი გადაკვეთის წერტილები. საქართველო დღეს მზადაა როგორც ევროპა–აზიის გზაჯვარედინის მშვიდობის გამტარი ქვეყანა, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშემწყობი და რეგიონული ლიდერის როლის განმახორციელებლად. ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო კურსის სწორად არჩევამ მოიტანა. დიახ, ქვეყანა ფიზიკურადაც გადარჩა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გლობალურად გადალაგებული პროცესების შემდეგ სწორედ ეს კურსი გახდა საქართველოს სტრატეგიული როლისა და საერთაშორისო დაფასების მთავარი საფუძველი.“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |