ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ზავს მიესალმება.
როგორც კალასმა აღნიშნა, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია.
„აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება რამდენიმეკვირიანი ესკალაციის შემდეგ - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია. ის ქმნის შესაძლებლობას შერბილდეს მუქარები, შეჩერდეს სარაკეტო დარტყმები, განახლდეს ნაოსნობა და დიპლომატიისთვის შეიქმნას სივრცე მყარი შეთანხმების მისაღწევად. ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას“, - დაწერა კალასმა.
მისი თქმით, ის დღეს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისხაკ დარს ტელეფონით ესაუბრა და შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. „შუამავლობის შესაძლებლობა ღია უნდა რჩებოდეს, რადგან ომის პირვანდელი მიზეზები ჯერ კიდევ გადაუჭრელია“, - დასძინა კალასმა.
ევროკავშირის პირველი დიპლომატის განცხადებით, ბრიუსელი რეგიონში პარტნიორებთან კავშირზეა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |