ყველა ის მიმართულება, წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მან ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშუ შესული წარმატებული მიმართულებები.
კირცხალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს სამშვიდობო კურსის მნიშვნელობაზე.
„ასეთ ვითარებაში, როდესაც ირგვლივ არის ომი, დაპირისპირება, ენერგეტიკული გამოწვევები, უამრავი კრიზისული მიმართულება, შეინარჩუნო თავისუფლების, მშვიდობის კუნძულის სტატუსი, არის ურთულესი. ეს ჩვენი ხელისუფლების, იმ კურსის დამსახურებაა, რომელიც დასახა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც ძალიან მყარად, პროფესიონალურად და ამაყად მიჰყვება ჩვენი გუნდი“, - განაცხადა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა ოკუპაციის გამოწვევაზე.
„ოკუპაცია რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური არხებით და ყველგან, ყველა ფრონტზე მშვიდობიანად იბრძვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველომ 2025 წელს გადაჭრა და გამოწვევა, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა გაუმკლავდეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |