აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს წარუმატებელი უწოდა და კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა და პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მერილენდის შტატის დემოკრატიული პარტიის საქველმოქმედო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ტრამპი გააკრიტიკა ვაშინგტონში განხორციელებული პროექტების, 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეთა შეწყალებისა და უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით განხორციელებული პოლიტიკის გამო.
„ეს მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის პროექტები არ არის. თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფლიგელის დანგრევა, რათა იქ საბანკეტო დარბაზი აშენდეს, კენედის ცენტრის ფასადზე საკუთარი სახელის განთავსება, საკუთარი თავისთვის ტრიუმფალური თაღის აშენება და იმ კონტრაქტორის დაქირავებაც კი, რომელიც მის საცურაო აუზს ემსახურება, ლინკოლნის მემორიალის ამრეკლავი აუზის შესაკეთებლად. რა წარუმატებელია“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ვაშინგტონში მდებარე ლინკოლნის მემორიალის ამრეკლავი აუზის რეკონსტრუქცია ტრამპის მოწინააღმდეგეების კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც პროექტზე 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი კონკურსის გარეშე ტრამპის დონორს გადაეცა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |