ტოკიო-2020-ზე ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს საღამოს ასპარეზობებს, ასევე ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
687 08 ივლისი 2021, 10:28

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი უახლოეს ხანებში ასპარეზობებზე გულშემატკივართა დასაშვებად გარკვეული ლიმიტის დაწესებას განიხილავენ, რაც ტოკიოს რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდას უკავშირდება.

მხარეებს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს, 8 ივლისს ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის ჩასვლის შემდეგ გაიმართება.

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, ერთ-ერთი ვარიანტად განიხილება რიგი ღონისძებების გულშემატკივრების გარეშე ჩატარება. იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა კი ხაზს უსვამს, რომ მთავრობისთვის უმთავრესია მოქალაქეთა უსაფრთხოება.

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს საღამოს ჩანიშნულ ასპარეზობებს,  ასევე ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს.

არის ვარაუდი, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ოლიმპიური სტარტების დაახლოებით 40 პროცენტი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ორი კვირის წინ, იაპონიის ხელისუფლებამ ადგილობრივ მაყურებელთა დასწრების ლიმიტი მაქსიმუმ 10 ათასით განსაზღვრა, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ეს ციფრი განახევრდეს.

გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გამო, თამაშების გახსნის ცერემონია გათვალისწინებულზე 30 წუთით მეტ ხანს გაგრძელდება და დასრულდება 23:30 საათზე (თბილისის დროით 18:30 საათი). ეს დაკავშირებულია დელეგაციათა აღლუმისას სოციალური დისტანცირების  აუცილებლობასთან, რაც თავისთავად მეტ დროს მოითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი