შალვა პაპუაშვილი „მედია ადვოკატირების კოალიციას“ მიმართავს - საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 20 მარტი 2024, 10:02
ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიის თავისუფლებით, მთავრობის კრიტიკის გარდა, ჟურნალისტების სიმართლისადმი ერთგულებითაც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რათა მათი პროფესიის დისკრედიტირება არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, „საქართველოს მედია ადვოკატირების კოალიციამ“ ახლახან გაავრცელა განცხადება, რომლითაც „გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტის დისკრედიტების გამო“ ხუთი ევროპული ორგანიზაციის გამოხმაურების ფაქტი იზეიმა.

„„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ჩემი კომენტარები ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის შესახებ „საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახელის გატეხვის კამპანიის საერთო ტალღის ნაწილი“ იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები თავად არის დეზინფორმაცია როგორც, ზოგადად, საქართველოში მედიის თავისუფლების თაობაზე, ისე, კონკრეტულად, ჩემს კომენტარებზე. რამდენად გამოჩენილი ჟურნალისტია გელა მთივლიშვილი ეს ცალკე საკითხია, თუმცა ეს განცხადების მთავარი უზუსტობა არაა. საქმე უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს, რის ახსნასაც აქ კიდევ ერთხელ შევეცდები.

შოვის სტიქიის არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტური გაშუქების მიმართ ჩემი დამოკიდებულება საჯაროდაა ცნობილი. ჩემს არაერთ განცხადებაში აღმინიშნავს, რომ, გასულ აგვისტოს, მთივლიშვილის მიერ შოვის სტიქიის გაშუქება შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც მისი კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიმართ ეჭვებს აჩენდა. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა შვეიცარულმა ორგანიზაციამ, რომელმაც სტიქიის გამომწვევი მიზეზები შეისწავლა, დაადასტურა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა და ამით დაადასტურა, რომ მთივლიშვილის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ის ამბობდა, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო სტიქიამდე მდინარის დაგუბება, რაც მცდარი აღმოჩნდა; იგი გვიყვებოდა, რომ ტრაგედიის მიზეზი ტყის ჭრა გახდა, რაც, ასევე, არასწორი აღმოჩნდა; იგი ამტკიცებდა, რომ დამცავი ნაგებობა შეაკავებდა მეწყერს, რაც ტყუილი გამოდგა; დაბოლოს, იგი ამტკიცებდა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედია არ მოხდებოდა. თუმცა, კვლავ და კვლავ, მიუკერძოებელმა ექსპერტებმა საპირისპირო თქვეს: არანაირ სისტემას არ შეეძლო ამგვარი მასშტაბის სტიქიის თაობაზე, საკმარისი დროით ადრე, წინასწარი გაფრთხილების მოცემა.

მართალია, მთივლიშვილის მიერ შეთხზული საქმე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ტრაგედიის თავიდან არიდება, საბოლოოდ ჩამოიშალა, მაგრამ მის მიერ სტიქიის ეპიცენტრიდან გადმოცემულმა მცდარმა ვარაუდებმა, რომლებიც საზოგადოებას მიეწოდა როგორც ფაქტები, დაამძიმეს ისედაც რთული ვითარება, რომელშიც სტიქიის მსხვერპლები და მათი მგლოვიარე ოჯახები აღმოჩნდნენ. სტიქიის მისეული გადმოცემა შორს იყო ჟურნალისტური სტანდარტებისგან და ადამიანური ემპათიისგან. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი „აღმოჩენები“, მოგვიანებით, ჟურნალისტური გამოძიებით დასათაურებულ ფილმად ექცია, რომელმაც ზოგიერთი უცხოური უწყების ქებაც კი დაიმსახურა.

მთივლიშვილის დეზინფორმაციის მხილება მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ მისი არასწორი რეპორტაჟი განზრახ ტყუილებს შეიცავდა, რომელთა მიზანიც პანიკის გავრცელება იყო. ამიტომ, მსგავსი „ჟურნალისტური პროდუქტის“ გაკრიტიკება ჩვენი ვალდებულებაც კი არის, რათა აღვკვეთოთ დეზინფორმაციის მომავალი მცდელობები“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, არცერთმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ არც კი სცადა სიმართლის დადგენა, ისე დაიცვეს გელა მთივლიშვილი.

„საუბედუროდ, არცერთმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ არც კი სცადა სიმართლის დადგენა, ისე დაიცვეს მთივლიშვილი. როგორც ჩანს, ეს ჟურნალისტური სოლიდარობის საჩვენებლად გაკეთდა, იმაზე დაუფიქრებლად, რომ ამით კორპორატიული სოლიდარობა უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე საზოგადოების უფლება – მიეღო სწორი ინფორმაცია. არადა, რა ფასი აქვს ჟურნალისტიკას, რომელიც ინფორმაციას ამახინჯებს? ეს კონკრეტული შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა იმ სენისა, რომელიც ქართულ „კრიტიკულ“ მედიასა და მათ უცხოელ პარტნიორებს სჭირთ. ნებისმიერი კრიტიკა და ბრალდება, რომელიც მედიის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, როგორც ნამდვილი, სამართლიანი და ჭეშმარიტი, მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტის მხრიდან მომდინარეობს. ამავე დროს, ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან ეჭვის ნებისმიერი გამოხატვა, თუნდაც არგუმენტებით გამყარებული, მიიჩნევა „ლეგიტიმური მედია საშუალებების დისკრედიტაციად და მედიისადმი გაძლიერებული უნდობლობის გაღრმავებად“, როგორც ეს ზემოთ ხსენებულმა რამდენიმე უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა. ხოლო, თუკი, ღმერთმა არ ქნას, ოფიციალური პირი კრიტიკას გაიმეორებს, მაშინ მისი პოზიცია უკვე როგორც მედიის წინააღმდეგ „სისტემური ზეწოლა“ ფასდება“, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში.

„ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალურად უნდა იქნეს მიღებული. მეტისმეტად მონდომებული უცხოური ორგანიზაციები კი იმდენად ცდილობენ, „გამოავლინონ“ მედიის თავისუფლების დარღვევები, რომ მედიის მიმართ ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან, კრიტიკას კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედია საშუალების „საჯარო დისკრედიტაციად“ აფასებენ.

საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში. ყოველთვის, როცა უზუსტობას დაუშვებენ, კრიტიკას მიიღებენ. და ეს ნორმალურია. ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიის თავისუფლებით, მთავრობის კრიტიკის გარდა, ჟურნალისტების სიმართლისადმი ერთგულებითაც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რათა მათი პროფესიის დისკრედიტირება არ მოხდეს. სიმართლისადმი ერთგულებაა ის, რაც განასხვავებს ჟურნალისტიკას პროპაგანდისგან. ჩვენ მეტი ჟურნალისტიკა და ნაკლები პროპაგანდა გვჭირდება“, – წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი