პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 04 მაისი 2024, 15:34

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას ცდილობდეს, რათა ის კრემლის სამხედრო მიზნების შეუსრულებლობისთვის დასაჯოს.

ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ (ISW) მოხსენებაშია ნათქვამი.

ISW აღნიშნავს, რომ 2 მაისს პუტინი „ვაგნერის“ ჯგუფთან ასოცირებულ ტულის ოლქის გუბერნატორს, ალექსეი დიუმინს შეხვდა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო სურვილზე, რომ შოიგუს პოზიციები შეასუსტოს.

ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შეხვედრისას, დიუმინმა პუტინს რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში ტულის ოლქის შეტანილი წვლილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გუბერნატორმა ყურადღება სამ თემაზე გაამახვილა: უკრაინაში მებრძოლი რუსი მებრძოლების დახმარება და საცხოვრებელი ფართით მათი უზრუნველყოფა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის სრულყოფა და ტულის ოლქში სამედიცინო სისტემის გაუმჯობესება.

მან პირობა მისცა პუტინს, რომ ყველაფერს გააკეთებს იარაღის წარმოების გაუმჯობესებისა და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის - ახალი ობიექტების მშენებლობის კუთხით. დიუმინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ტულის ოლქში უპილოტო თვითმფრინავების ოპერატორების მომზადების ერთ-ერთი პირველი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დიუმინის მოხსენება პუტინის კეთილგანწყობის დაბრუნებას მცდელობას ჰგავდა, რომელიც მან „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დროს, 2023 წლის ივნისის ბოლოს დაკარგა. 2022-23 წლებში დიუმინმა არაერთხელ დაუჭირა მხარი პრიგოჟინს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გადაყენებას ცდილობდა.

„პუტინმა, სავარაუდოდ, შეგნებულად გაასაჯაროვა დიუმინთან თავისი შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ტიმურ ივანოვის გახმაურებული დაპატიმრების შემდეგ. და მან ეს გააკეთა 7 მაისს დანიშნული თავისი ინაუგურაციის წინ, რათა დასაჯოს თავდაცვის სამინისტრო შოიგუს ხელმძღვანელობით, რომელმაც კრემლის სამხედრო მიზნები ვერ შეასრულა“, - ნათქვამია „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ მოხსენებაში.

პუტინისა და დიუმინის შეხვედრამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია: ბევრმა ბლოგერმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ივანოვის დაპატიმრებასა და ინაუგურაციას შორის პერიოდში მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირდება.

რუსული ინსაიდერული წყაროები ვარაუდობენ, რომ კრემლმა დიუმინი, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს.

ISW ხაზს უსვამს, რომ შოიგუს თავის მოადგილესთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამდენად, ივანოვის დაპატიმრება, დიუმინის მოულოდნელად დაბრუნებასთან ერთად, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ კრემლი შოიგუს საქმიანობით უკმაყოფილოა. თუმცა, ერთ-ერთი რუსული წყარო დაბეჯითებით ირწმუნება, რომ 2024 წელს შოიგუს გადადგომა ნაკლებად სავარაუდოა.

პუტინისა და დიუმინის შეხვედრა ასევე იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ივანოვის დაკავების გადაწყვეტილების მიმღები პირი ნამდვილად ვლადიმერ პუტინია.

„ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტს“ არაერთხელ განუცხადებია, რომ პუტინი რეგულარულად ცვლის მის მიმართ კეთილგანწყობილ ჩინოვნიკებსა და სამხედრო ხელმძღვანელებს იმ იმედით, რომ ამით სხვა ჯგუფებს იმედებს უღვივებს და თავისი მიზნების მიღწევისკენ უბიძგებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, მათ ზურგი შევაქციოთ და ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე? მადლობა პრემიერს ასეთი შეთავაზებისთვის
საპატრიარქო - უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, მასში მონაწილეობა მთელმა საქართველომ მიიღო იმის დასტურად, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
არქივი