საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი მოხსენება ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო.
„დღევანდელ მოხსენებაში პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბევრ აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში.
დღეს პრეზიდენტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ისაუბრა ქრისტიანობის როლზე, აღნიშნა ოჯახური ღირებულებების, ტრადიციების მნიშვნელობა, შეეხო განათლების რეფორმას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მშვიდობის როლს, აღსანიშნავია ისიც, რომ მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში დადგა.
პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ზეწოლასა და გავლენებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქონდა ადგილი. მან საზოგადოების წინაშე ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და ერთობის მნიშვნელობას. ეს გამოსვლა იყო ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |