აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სააგენტოს სტრატეგიული გეგმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკა აღარ დაემორჩილება დანიშნულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მართავენ.
დოკუმენტის თანახმად, აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მისცემს უფლებას, გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და მის პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს.
“დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარსაც არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ან ჩვენს სუვერენიტეტს ძირს უთხრიან. აღარ დავემორჩილებით დანიშნულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც მათ მართავენ. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მივცემთ უფლებას გახდნენ იარაღი ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და ჩვენს პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს. ამის ნაცვლად ჩვენ ამერიკული ზეგავლენის გაძლიერებით დავკავდებით და რეფორმებს განვახორციელებთ იმ ორგანიზაციებში, რომელთა მუშაობა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხება.
ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად ან შესაცვლელად იყენებენ, ან/და ფინანსური სარგებლის მისაღებად, რომელსაც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებენ. ჩვენ ამერიკის ლიდერობას გამოვიყენებთ სასარგებლო ორგანოებისთვის პირვანდელი მიზნების დასაბრუნებლად და კოალიციების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენი ინტერესების წინ წაწევას ნათლად და მკაფიოდ ემსახურებიან“, - წერია დოკუმენტში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საჭიროა კვლავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობაზე კონცენტრირება, რომელიც საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარების მიზანს ასცდა.
„ჩვენ გაეროს 2030 წლის სტრატეგიას შევეწინააღმდეგებით, რომლის მიზანია რბილი გლობალური მმართველობის პროგრამის დანერგვა, რაც აშშ-ის სუვერენიტეტს არ ემთხვევა და ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ შევეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს ძირს უთხრის. გარდა ამისა, დეპარტამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა შეაჩეროს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო ან სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში“, - წერია სტრატეგიაში.
სახდეპში დარწმუნებულები არიან, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა იმ განცხადებას, რომელიც აშშ-ის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
„საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, რომლებიც აშშ-ის სუვერენულ უფლებას ეწინააღმდეგება, ვერ და არ შეზღუდავენ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენ მთელი ძალით მოვახდენთ რეაგირებას, გამოვიყენებთ რა ჩვენს ხელთ არსებულ მთელ სპექტრს, დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტების ჩათვლით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |