Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 04 მარტი 2026, 12:04

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი დღე გავიდა და ერთადერთი, რის თქმაც შეუძლიათ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს არის ის, რომ ირანში ომი არ არის ერაყი, ეს არ არის უსასრულო ომი და ეს არ არის ომი, რომელიც ამერიკამ თავად აირჩია.

როგორც გამოცემა წერს, სანამ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს ახსნას შეტევა იმით, რომ თითქოს ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოსაა, ან მას ბალისტიკური რაკეტები აქვს, ანდა ის ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა, ტრამპის მოკავშირეები მას აფრთხილებენ, რომ თეთრი სახლისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.

Politico მკითხველს შეახსენებს, რომ კონფლიქტის დაწყების დღიდან უკვე ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ომი დაიწყო იმ ფონზე, როცა „რესპუბლიკელები“ მოძრაობა MAGA-დან ტრამპს ურჩევდნენ ყურადღება შიდა პრობლემებზე გაემახვილებინა. მათ ეშინიათ, რომ კონფლიქტი დროში გაიწელება, რაც ბენზინზე ფასების ზრდას გამოიწვევს მაშინ, როცა ტრამპი ცდილობს საწვავი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ეს ფაქტორი ამომრჩევლის დემორალიზებას გამოიწვევს და პარტიის წარმატებას ნოემბერში გასამართ შუალედურ არჩევნებზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ტრამპის მოძრაობა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA) იქმნებოდა სხვა ქვეყნებში შეჭრისადმი სკეპტიციზმზე. თავად ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არცერთ ქვეყანაში არ შეიჭრებოდა.

გამოცემის ცნობით, ტრამპის კონსერვატორი მოკავშირეები, ისეთები, როგორებიც არიან ტაკერ კარლსონი, მეგინ კელი და მეტ უოლში, ირანზე თავდასხმას აკრიტიკებენ. ისინი აგრეთვე აკრიტიკებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რადგან მან სათანადოდ ვერ ახსნა ომის მიზეზები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი