ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე.
„რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |