ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე. გვქონდა საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში.
მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გარდა, მას ჰქონდა პოლიტიკური შეფასებები გაეკეთებინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„დღეს დაიწყო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენცია, რომელიც გახსნა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ბატონმა მაიკლ ჯონსონმა. მან ისაუბრა იმ ღირებულებებზე, რომელიც ახალ ადმინისტრაციას აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საგარეო პოლიტიკაში.
მე მქონდა შესაძლებლობა, რომ გამოვსულიყავი ჩვენი ქვეყნის სახელით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. მათ შორის ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე.
თუმცა ამის გარდა, მქონდა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური შეფასებებიც მიგვეცა მიმდინარე მოვლენებისთვის. ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე. მოგეხსენებათ, ახალი ადმინისტრაცია ძალიან მკაცრად გმობს ასეთ ქმედებებს.
გვქონდა საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პანელი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელს, მათ შორის დეპუტატებიც იყვნენ, მთავრობის წარმომადგენლებიც, ჟურნალისტებიც, მივეცი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა აქამდე საქართველოში და ასევე, დღევანდელი სიტუაციის შესახებ, რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგო დამოუკიდებლობის საკითხზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |