დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები საუბრობდნენ სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის დაცვის გამოც საქართველო უზარმაზარი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, სამიტზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეხება როგორც ენერგოდამოუკიდებლობას, ასევე, ქვეყნების სუვერენულ უფლებებს.
„სამიტზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობას. იმას, რომ ეს არის ის იარაღი, რომელიც აუცილებელია ერების თავისუფლების შესანარჩუნებლად და სწორედ ამას ებრძვიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც სინამდვილეში ფაშისტური იდეოლოგიით გამოირჩევიან.
ასევე, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომელიც ასევე უსაფრთხოების ნაწილად განიხილება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ეს რა თქმა უნდა რეალურადაც ასეა. ენერგეტიკული უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ასევე, საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. რომ თვითონ, თავიანთი ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები, ის, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავიანთი ეროვნული ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამიტზე ის, რომ მონაწილეობდნენ, როგორც კონგრესის წარმომადგენლები, ასევე, სენატის წარმომადგენლები. იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების მხრიდან“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |