უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დღეს უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომლის და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
უნგრეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებს ფული და ოქრო გადაჰქონდათ. ბუდაპეშტი კიევისგან ითხოვს პასუხებს, რატომ ხდებოდა ფულის გადატანა უნგრეთის მეშვეობით.
„დაუყოვნებლივ ვითხოვთ პასუხებს კიევისგან უნგრეთის გავლით დიდძალი ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით, რაც უკრაინულ მაფიასთან შესაძლო კავშირების შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს.
იანვრიდან უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით და 146 კილოგრამი ოქრო იყო გადატანილი. თუ ეს მართლა ბანკებს შორის ტრანზაქცია იყო, რატომ არ მოხდა ეს საბანკო გადარიცხვით? რა საჭიროა, ასეთი დიდი თანხის გადატანა ჩვენი ქვეყნის გავლით?
საგადასახადო და საბაჟო ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ბოლო პარტიას უკრაინული დაზვერვის ყოფილი გენერალი აცილებდა.
სანამ კიევი ნაღდი ფულის წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ მკაფიო განმარტებას არ გააკეთებს, უნგრეთის ხელისუფლება ყოვლისმომცველ გამოძიებას ჩაატარებს“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |