გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ.
„ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ყველა უკანონო შეტევა უზარმაზარ ტანჯვასა და ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას“, – აღნიშნა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. გუტერეშის თქმით, ახლა დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია.