მერკელმა ევროპას პუტინთან დიალოგისა და მეტი დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 07 მარტი 2026, 10:34

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ჰამბურგის მერიის ტრადიციულ მიღებაზე Matthiae-Mahl გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა ძალამ და აშშ-სთან თანაბრად მონაწილეობდეს მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე მოლაპარაკებებში, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„ევროპას ახლა, როგორც არასდროს, სჭირდება საკუთარი ბედის საკუთარ ხელში აღება,“ - თქვა მერკელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა შეძლოს მოქმედება როგორც შიდა დონეზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მას აღიქვამდნენ როგორც ერთიან ხმას, რომელსაც მსოფლიოში სერიოზულად მიიღებენ.

მერკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსკოვთან დიპლომატიური დიალოგის აუცილებლობაზე, უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად.

მისი თქმით, სასურველია, რომ ევროკავშირი გამოვიდეს:

უკრაინის სამხედრო მხარდამჭერად რუსეთის აგრესიის პირობებში, რაც „მნიშვნელოვანი და აუცილებელია“;

მაგრამ ასევე დიპლომატიურ ძალად, რომელიც საკუთარი შესაძლებლობებით ხელს შეუწყობს ამ აგრესიული ომის დასრულებას.

მერკელმა ასევე გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ შეცდომად მიიჩნევდა იმას, რომ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-ზე იყო დამოკიდებული.

„ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინს შეხვდა, მე ვფიქრობდი, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ აშშ-ის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. საქმე ხომ ევროპის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება,“  - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.

მისი თქმით, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო ძალის ერთობლიობა არის გზა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწიოს გამარჯვებას; ხოლო უკრაინამ შეინარჩუნოს საკუთარი სუვერენიტეტი.

მერკელმა ასევე მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს უფრო დიდი ერთიანობისკენ გლობალური კრიზისების ფონზე.

„ჩვენ ხელახლა უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი მსოფლიო სისტემაში, როგორც ერთიანი გლობალური აქტორი,“ - თქვა მან.

მისი აზრით, ევროპამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, რათა შეძლოს საკუთარი ღირებულებების, ინტერესებისა და ცხოვრების წესის დაცვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი