ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
„ხელისგულზე დევს რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში როგორ იქმნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, ე.წ. კვლევები. პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქმნება ჯერ ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია. ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტად აქციოს საქართველო. შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, მაშინ დარბოდა დერეფნიდან დერეფანში და ცდილობდა მაშინ, რომ ჩაეშალა ეს პროცესი. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებულ სკანდალს, გიორგი კანდელაკი იყო, რომელიც არაფრისგან შეეცადა სკანდალი შეექმნა. ჩანს, იკვეთება, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რათა უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა. ასე, რომ ეს ლუსტრაციაა. ეკა გიგაური, ესტონელი „ენჯეოშნიკი“, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს“, - აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილის განცხადებითვე, მართლაც მძიმეა, როდესაც ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი, რომ ის, ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა.
„ვფიქრობ, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ვნახეთ, პირდაპირ არის სქემა, რომელიც გამოჩნდა. დაიწერა დეზინფორმაციული-პროპაგანდისტული სტატიები. ავტორები არიან ქართველები და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, გიორგი კანდელაკი და კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე The Hill-ში გამოაქვეყნა სტატია. სამივე ეს ე.წ. კვლევა არის ცრუ კვლევა, რომელმაც უნდა შექმნას საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით. გაისმას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ. შემდეგ გამოვიდეს ადამიანი და მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო, ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი, რომ ის, ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა. ასე, რომ ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის, საინფორმაციო, პოლიტიკური, თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |