ბრიტანული გამოცემა Daily Mail აქვეყნებს სტატიას იმ დიასახლისების შესახებ, რომლებიც ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან. მათ შორისაა ლანკაშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული დეკანი, დოქტორი სარიტა რობინსონი, რომელთანაც გამოცემას ინტერვიუ აქვს მომზადებული.
გამოცემის ცნობით, მას სახიდან გასასვლელი ჩანთა აქვს შექმნილი, რომელიც ყოველ ჯერზე თან მიაქვს. ამ ჩანთაში დევს გამოსაცვლელი ტანსაცმელი, წამლები, წყლის გამწმენდი ბოთლი, ჩაის პაკეტები, პატარა ჩაიდანი გაზქურისთვის, პირველადი დახმარების ნაკრები, ჰიგიენის საშუალებები და 48 საათისთვის საკმარისი საკვები.
„სარიტა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც საკუთარ თავსა და თავიანთ ოჯახებს ამზადებენ იმ შემთხვევისთვის, როცა „კატასტროფა თავს კვლავ დაატყდებათ“, იქნება ეს ბუნებრივი უბედურება, სამოქალაქო წესრიგის დაშლა თუ მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ასეთი დიასახლისების რაოდენობა ბრიტანეთში დღითიდღე იზრდება“, - წერს გამოცემა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და ახლა უკვე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ომის ფონზე ირანის წინააღმდეგ, კრიზისისთვის მზადება სწრაფად გავრცელებული ტენდენციაა და ეს მხოლოდ იმ საშუალო ასაკის მამაკაცებს აღარ ეხებათ, რომლებიც სამხედრო სტილის შარვლებს ატარებენ, თავიანთ დიდ ბუნკერებში სხედან და იარაღებს წმენდენ. „ახლა ბევრად მეტი ადამიანი უჭერს მხარს მომზადებას, ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ ადამიანებმა უფრო გააცნობიერეს, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს... ამჟამად მსოფლიო მართლაც უფრო არაპროგნოზირებადი ჩანს“, - განაცხადა 50 წლის სარიტამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |