ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა დაჟინებით მოითხოვს, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად ირანთან კონფლიქტიდან გამოსავალი მონახოს, რადგან ხანგრძლივი ომი სერიოზული პოლიტიკური დანაკარგების მომტანი იქნება.
როგორც გამოცემა წერს, მთავარი მიზეზი არის ნავთობზე ფასის ზრდა და ამომრჩევლების უკმაყოფილება, რომლებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ აღნიშნული ომის მიზანშეწონილობაში.
„პრეზიდენტის ზოგი მრჩეველი ბოლო დღეებში მოუწოდებდა მას აშშ-ის ომიდან გამოყვანის გეგმები ჩამოეყალიბებინა და დაემტკიცებინა, რომ სამხედროებმა დასახულ მიზნებს ძირითადად მიაღწიეს“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში კარგად ესმით, რომ გამოსავალი მარტივი არ არის. ირანი დაჩოქილი არ არის, ახალი უზენაესი ლიდერი დანიშნულია, ხოლო აშშ-ის პარტნიორები რეგიონში უხერხული კითხვების დასმას იწყებენ.
თავად ტრამპი ყოყმანობს. ერთის მხრივ, მან განაცხადა, რომ ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, მეორე მხრივ, მან დასძინა, რომ მზადაა „უფრო შორს წავიდეს“.
„პრეზიდენტი ვერ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, სანამ შთამბეჭდავ გამარჯვებას არ გამოაცხადებს“, - ციტირებს გამოცემა ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია აღნიშნულ სტატიაში მოყვანილ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს.
„ეს ისტორია სავსეა სიყალბით იმ ანონიმური წყაროებით, რომლებიც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პრეზიდენტ ტრამპთან ერთ ოთახში არ იმყოფებიან. პრეზიდენტის მთავარი თანაშემწეები 24-საათიან რეჟიმში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატებაზე მუშაობენ და ამ ოპერაციების საბოლოო დასასრული მთავარსარდლის მიერ იქნება განსაზღვრული“, - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |