ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყულევის პორტი სანქციათა მე-20 პაკეტში არ მოხვდა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებებისა, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციებს გვერდს აუვლიან.
„საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებების, რომელიც ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, 2022 წლის 25 თებერვალს, რომ საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს, მაგრამ უზრუნველყოფს, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამაზე დღემდე არცერთი ფაქტი, საქართველოსთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა. ესეც იყო გარკვეული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, ვნახეთ მათ შორის, იგივე ბატონი პეტერი [ფიშერი], რომელმაც ეს გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ თავს დასხმოდა ქართველ ხალხს. არ გავიდა ეს თავდასხმა.
ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველანაირი მტკიცებულება, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ ვატყობინებთ იქით ევროპას, მათ შორის, „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე გადატვირთვაზე. ჩვენი ინფორმაციის შედეგად აღმოაჩინეს, დაადგინეს რამდენიმე ასეთი დარღვევა, ღია ზღვაში რაც ხდებოდა.
ჩვენ როგორ ვაჩერებთ? - ევროპიდან გამოპარებული 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი, რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი? მათ შორის, თუ არ ვცდები, 50-ზე მეტი გემი არ შემოვუშვით საქართველოს პორტებში. რას დაცურავენ, რატომ ვერ აკავებენ და აჩერებენ?” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |