მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილები და ეს ახლაც ასე იქნება.
„ზოგადად, ამ ჯგუფის მეშვეობით ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად. ადრე რაც იყო ყორღანაშვილი, რაც ჩვენ გვაქვს ნასწავლი, თან ისე, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო, დასაძრახი საქციელი, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ შეეკარი უცხოს, დღეს აქციეს ევროპულ ტრენდად. ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა. ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილები და ეს ასე იქნება. ისინი ყოველთვის იქნებიან მარგინალები, მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოსთანაა შეკრული თავისი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „ისფედმა" დაიცვა უცხო ქვეყნის, ბრიტანეთის პოზიცია, რომლის საინფორმაციო თავდასხმის ობიექტი ახლა საქართველოა.
„ერთი მაგალითიც არის, გუშინ იყო განცხადება „სამართლიანი არჩევნების", რომლებსაც „იმედთან“ და „პოსტივისთან“ დაკავშირებით ჰქონდათ დოკუმენტი მომზადებული, თუ როგორ ცდილობენ ეს ტელევიზიები თავი დაიცვან ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმისგან. ამაზე „ისფედმა" გააკეთა კომენტარი და დაიცვა უცხო ქვეყნის პოზიცია. ჩვენ დღეს, მთლიანად საქართველო ვართ ბრიტანეთისგან საინფორმაციო თავდასხმის ობიექტი და ამ თავდასხმაში „ისფედმა" დაიჭირა უცხო ქვეყნის პოზიცია. ამიტომაც აფინანსებენ მათ გარედან, რომ ბოლოს, როცა საქმე-საქმეზე მიდგება მოუნიშნონ მათ სამიზნეები, როგორც უნიშნავენ „იმედს", „პოსტივის“ და ყველას მიადგებიან. ყველა მონიშნული ჰყავთ, ყველა საინფორმაციო და პირადი მსხვერპლები. საინფორმაციო თავდასხმა იქნება ეს თუ სხვაგვარი გამოვლენა და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში. ასეთი ხალხი გვყავს ჩვენ შიგნით და ამიტომ ითხოვენ ბომბებს და რაკეტებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |