ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს. პარლამენტის თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს იმ ექსპერტების კომპეტენციას, რომელმაც ანგარიშის შესადგენად საქართველოში სულ 2 დღე გაატარა და ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის წინააღმდეგ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას უკრაინამაც დაუჭირა მხარი.
„რაც შეეხება ამ რუსულ მექანიზმს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს მეტყველებს იმ 24 ქვეყანაზე, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. აქაც ხაზს გავუსვამ, რომ თუ სწორად მახსოვს, უკრაინამაც დაუჭირა მხარი. ეს ისე, მადლიერებასა და უმადურობაზე ვიღაცას გული რომ ეტკინა, აი ეს არის უკრაინის ხელისუფლების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს მოსკოვის ინსტრუმენტებით. ეს ერთი. მეორე - საერთოდ უცნაური პროცესი იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის სიღრმისეული ცოდნა არ ჰქონდა. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა და ორ დღეში შეადგინა რაღაც დოკუმენტი. არასერიოზულია ეს.
ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამიტომ ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა ორგანიზაციას. აი ასე, ფულის მფლანგველობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება რომ ხდება, ამიტომაც ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს წევრები ვართ, მაგრამ ვხედავთ საპარლამენტო რეზოლუციებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი ჩაწერეს პოლიტპატიმრად. იმ ხალხს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ხომ ფაქტია, რომ ღირებულებითად აცდენილები ვართ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ რა უნდა ავუხსნათ? ქალბატონ გოშევსკას, რომელიც გუშინ გამოდიოდა [ევროპარლამენტში დებატებზე] რა უნდა ვუთხრათ? უბრალოდ შეყვარებულია სააკაშვილზე. რა ვქნათ? ხედავს ამ ადამიანს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. ეს დამოკიდებულება აქვს. რა ვქნათ, როგორ გადავარწმუნოთ, როგორ გადავიყვანოთ იმ ქარიზმით შეპყრობილობისგან, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს? მერე ეს ხალხი გამოდის და ქართველ ხალხზე სერიოზული სახით გვესაუბრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა უსამართლო იქნება და საქართველოზე შემდგომი თავდასხმებისთვის იქნება გამოყენებული.
„დღეს რომ თავს დაგვესხმებიან და გამოვა ანგარიში და გაგვლანძღავენ ამ ანგარიშში, გავა რამდენიმე თვე და აღიარებენ, რომ ეს იყო ტყუილი. ასე ხდებოდა სულ ყოველთვის. გინდათ, რომ ტყუილს ავყვეთ? არა! ჩვენთვის ტყუილს და ცილისწამებას არანაირი ეფექტი არ აქვს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც იარაღი სხვა ხალხის წინააღმდეგ.
ეჭვი გეპარებათ, რომ ეს იქნება წინასწარ დაწერილი ტექსტი და დანარჩენი იყო შეფუთვა - რომ ამას შეხვდნენ, იმას შეხვდნენ. ორი დღე იყო ეს ადამიანი საქართველოში და ორ დღეში რა უნდა გაიგო საქართველოს შესახებ, რომ მერე ამას მიუძღვნა მრავალი გვერდი დასკვნის შესახებ. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |