რაც გუშინ ევროპარლამენტში მოვისმინეთ, შინაარსითაც და ესთეტიკითაც საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო! ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი დასრულებისკენ მიდის - ჯერჯერობით ეს არის 1989 წლის პერიოდი - გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ სულ უკან და უკან წავლენ - სავარაუდოდ ბრეჟნევისაკენ, - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირი არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსის.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არანაირი მომავალი არა აქვს და თუკი რაიმე ამ პოლიტიკის შედეგად შეიძლება დარჩეს, ეს არის „საბჭოთა კავშირი“.
“ინტონაციითაც და ტონალობითაც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა გაახსენდებოდა მას, ვისაც ეს ყრილობა ახსოვს, სადაც სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ. აი, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ!
მათ შორის გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის და საბჭოთა ნომენკლატურის წევრები - ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. ის ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორიც არის “ინფექცია“, “ხალხის ბრალია“. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ქართველების მიმართ იყენებს. იუკნევიჩიანე ის ქალბატონია, რომელიც 4 ოქტომბრის ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა. ასევე არიან მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.
ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ღირებულებებს ეფუძნებოდა და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო და უფრო მიდის უკან საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ჯერჯერობით ეს არის 1989 წლის პერიოდი - გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ სულ უკან და უკან წავლენ - სავარაუდოდ ბრეჟნევისაკენ.
ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ევროპარლამენტი თავისი ესთეტიკით, შინაარსით და ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, “სამარცხვინოა, როცა დებატები მოძალადეს ეძღვნება და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ“. ამ კონტექსტში მან პატიმრობაში მყოფ “დროას“ ლიდერზე ელენე ხოშტარიაზე ისაუბრა.
“ელენე ხოშტარია არის ადამიანი, რომლის ოფისშიც „მოლოტოვის კოქტეილები“, მაშხალები და ძალადობის სხვა საშუალებები აღმოჩნდა. მან აღიარა, რომ ის ყიდულობდა და არიგებდა მაშხალებს, რომლითაც პარლამენტის შენობას წვავდნენ და პოლიციელებს დამიზნებით ესროდნენ. ამ ყველაფრის უკან ის რომ იდგა, ეს ხოშტარიას აღიარებული აქვს. რეზოლუციას ამ მოძალადეს უძღვნიან. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს ღირებულებითი ხაზი, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა “მეკობრეების პარტიის წევრია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“.
“როგორც ერთ-ერთი მეკობრე თავს ესხმის მედიას. ეს იგივეა ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მარგინალური ადამიანი ჩეხეთის პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობდეს და თავს ესხმოდეს მედიას.
როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ - არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ი - ხაზს ვუსვამთ, რომ დღევანდელ ბრიუსელს ევროკავშირი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს. სულ უფრო მეტად აკლდება მას ევროპულობის ნიშნები და ევროპული მხოლოდ სახელად რჩება. არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსის.
ის, ვისაც საბჭოთა კავშირი გამოვლილი აქვს, ამას პირდაპირ ვხედავთ - გვახსენდება ის ესთეტიკა, შინაარსი და დამოკიდებულება, რაც საბჭოთა კავშირში იყო. დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ერთი-ერთში ამ ყველაფრის რეინკარნაცია ხდება.
ეს სამწუხაროა! სინამდვილეში ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას. სინამდვილეში ჩვენ და რამდენიმე ქვეყანა უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები ევროკავშირის შიგნით ვართ ევროკავშირის დამცველები. დღეს ევროკავშირს თავს მომხდარი არიან ევროპის მტრები, რომლებიც ევროკავშირს ყველაფერს აცლიან, რაც არის ევროპული და მას 21-ე საუკუნის საბჭოთა კავშირის ანალოგიად აქცევენ ყველაფრით - იერარქიით, სტრუქტურით, ღირებულებებით.
ევროკავშირში მხოლოდ სახელად არის შემორჩენილი ევროპულობა და არის ჩვეულებრივი საკავშირო რაღაც... აშშ-ც იმას ამბობს, რომ ცივილიზაციურ უფსკრულში მიექანებიან. ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი კი არ იქნება, საუბარი იქნება იმაზე, ევროკავშირი საერთოდ ევროპული იქნება თუ არა, თუ იქნება საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ეს ხალხი - ეს ევროპარლამენტარები, ევროკომისრები არიან დანიშნული ბიუროკრატები, რომლებიც არავის აურჩევია, არიან ევროკავშირის მტრები. ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველი იმიტომ, რომ ვართ ევროპის თანაშემოქმედი და არ გვინდა ევროპული ცივილიზაცია ჩვენს წინ დაინგრეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |