საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე 11 მარტს მოხდა ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია დრონით თავდასხმასთან.
საკრუინგო კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ამჟამად უსაფრთხოდ არიან. გემთმფლობელი კომპანია და სადაზღვევო კომპანია ჩართულნი არიან პროცესში და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით“,- აცხადებენ სააგენტოში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |