ეს არის ჩარევა უცხო სახელმწიფოს საქმეებში, რადგან, ამ პარლამენტში მუდმივად ვიღებთ რეზოლუციებს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, ფაქტობრივად ზუსტად იგივეა, რადგან ამ რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე, მათი მთავრობის წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მსგავსი რეზოლუციები იქნება იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება „ევროკავშირის გზას“ არ გაჰყვება.
„გინდათ ერთი „საიდუმლო“ გითხრათ? დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე, რადგან იცით, ეს არასოდეს დამთავრდება. ეს არ დასრულდება მანამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხაზს მიჰყვება. ამიტომ ვიმეორებ, ეს ჰგავს ძველ დროს, თითქოს პოლიტბიურო ცდილობდეს თქვენს სახელმწიფოში პოლიტიკის თავს მოხვევას“, - განაცხადა ტიერი მარიანმა.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |