პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის განცხადებით მიმართა.
მისივე თქმით, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართვა, ამ დროისთვის არ ფიქსირდება.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულების მომართვა. დღეის მდგომარეობით შემიძლია დავადასტურო, რომ ფიქსირდება გიორგი ხაინდრავას განცხადება. ვლადიმერ ღუდუშაურს არ მოუმართავს“, - განაცხადა პროკურატურამ.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |