The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 13 მარტი 2026, 23:08

აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ეს გამარჯვება დამატებითი სარგებელია იმ შემოსავლებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის ომით დატვირთული ბიუჯეტი ენერგორესურსებზე მკვეთრად გაზრდილი ფასებისგან ისედაც იღებს“.

ამერიკის ეს ნაბიჯი, რომელიც ხუთშაბათს გამოცხადდა, მიზნად ისახავს იმ ენერგეტიკული შოკის შემსუბუქებას, რომელიც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებს მოჰყვა და რამაც ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე მაღლა გაზარდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, მათ არ სჯერათ, რომ იმ რუსულ ნავთობზე სანქციების შეჩერება, რომელიც უკვე ტანკერებშია, არსებითად შეამსუბუქებს 1970-იანი წლების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე არსებულ მიწოდების შოკს, მით უმეტეს, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ახერხებდა საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვას არსებული შეზღუდვების მიუხედავად.

ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინა ხაზზე იყვნენ და თავადაც განიცდიან ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების უარყოფით გავლენას, ამერიკის ამ ნაბიჯს წინ აღუდგნენ.

პაულა პინიომ, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ენერგეტიკული სირთულეების საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უკან წაღება „სრული სტრატეგიული შეცდომა“ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „მშვიდობის დამყარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს“.

„მოსკოვში ტრიუმფალური განწყობა სუფევდა მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ, რუსეთის ეკონომიკა იმ ენერგეტიკული შემოსავლების გარეშე დაეტოვებინათ, რომლებიც მისი სამხედრო მანქანისთვისაა საჭირო. რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამერიკის ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ რუსეთის განდევნა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების ცენტრალური პოზიციებიდან შეუძლებელია“, - ნათქვამია სტატიაში.

ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ სარგებელს არ მოუტანს რუსეთის ბიუჯეტს, რადგან მოსკოვი ნავთობს მოპოვებისას ბეგრავს. ეს ნიშნავს, რომ ზღვაში მყოფი ნავთობი, რომელსაც ეს გამონაკლისი შეეხო, უკვე დაბეგრილია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი