ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ინფორმაციის შესაგროვებლად საქართველოში ექსპერტის ჩამოსვლა ფორმალობა იყო და ყველაფერი უკვე წინასწარ იყო დაწერილი.
„ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ზუსტად იგივე, რასაც ევრობიუროკრატები გვაბრალებენ, ზუსტად იგივე, რასაც მდიდარი NGO-ები, რადიკალური ოპოზიცია გვაბრალებს. ამ შემთხვევაში მექანიზმს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის სახე. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ქალბატონი, რომელმაც ეს რეკომენდაცია გასცა, სულ 2 დღით იყო საქართველოში ჩამოსული და რამდენიმე დღეში მოაგროვა, თურმე ამხელა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი იყო - ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად, ევროპარლამენტში დებატებზე, როდესაც რეზოლუციებს იღებდენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |