ჩვენ იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე, არა იმიტომ, რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან ქალბატონ მაგდასთან, რომელსაც წლებია, ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით, სანქცირებულია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.
„თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს არის უსამართლო და აქ „დიფ სთეითის“ ან ვიღაცის ხელი ურევია. მე ვიტყვი, რომ ეს სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან და ეს არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, და პრინციპში ქვეყნისათვის ტრაგედიაა, რომ ასეთ ურთიერთობებში აღმოვჩნდით ასეთ მმართველობით გლობალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცენტრებთან.
ის ცენტრები და სტრუქტურები, რომლებიც ჩემთვის წლების განმავლობაში იყო ასოცირებული პროგრესთან, დემოკრატიის ხელშეწყობასთან, თქვენ ამ ყველაფერს ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებთ.
ბატონ შალვას დავეთანხმები, რომ საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ეს ყველაფერი გარკვეული მსოფლმხედველობიდან უნდა მოდიოდეს, რომელიც საზოგადოებას ახასიათებს, თუ არის ამ მსოფლმხედველობაზე თანხმობა (ყველაფერზე არა, ძირითად პარამეტრებსა და თამაშის წესებზე), მაშინ საშინაო და საგარეო პოლიტიკაც უფრო შეიძლება ეფექტიანი იყო. თუ არ არის თანხმობა, როგორც ჩვენთან და თუ ორ საქართველოს წარმოვადგენთ, მაშინ ძნელია ადეკვატურ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკი“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |