ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ჭორებს იერუსალიმში, ადგილობრივ კაფეში გადაღებული ვიდეოთი პასუხობს.
სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეუბნებიან: „პრემიერ-მინისტრო, ინტერნეტში ამბობენ, რომ თქვენ მოკვდით“, რაზეც ისრაელის პრემიერი პასუხობს, რომ ის „ყავის სურვილით კვდება.“
„გინდა, თითები დამითვალო?“, – სვამს კითხვას ისრაელის პრემიერ-მინისტრი და კამერაში აჩვენებს თითებს, რათა დაამტკიცოს, რომ ვიდეო რეალურია.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიდეოში აღნიშნავს, რომ ისრაელის მთავრობა, არმია და „მოსადი“ ირანსა და ლიბანში აგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რაზეც ამჟამად ვერ ისაუბრებს და მოუწოდებს ყველას, მიჰყვნენ უსაფრთხოების ინსტრუქციებს, დარჩნენ დაცულ ადგილებში.
ვიდეოს დასასრულს კი ისრაელის პრემიერი ხუმრობით ამბობს, „მადლობა ყავისთვის, ის შესანიშნავია. კალორიებზე კი არ ვიცი, შეიძლება, ეს უფრო საშიში იყოს“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |