რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დროს გამოიკვეთა პროცესი, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხორციელდებოდა ზეწოლა. რატომ? იმიტომ, რომ ამ პროცესში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„გახსოვთ დეზინფორმაციის ნიაღვარი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევები, გავისეირნოთ [აფხაზეთში, ოსეთში], ასევე მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული თემები, გამოსვლა და პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციებთან შეერთებაზე. ერთი ძალა კურირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი მთავარი მოტივაცია იმ დღეებში იყო, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოგვეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების – რა იყო სიმართლე, რა უნდა დაგვეცვა. სხვათა შორის, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა გაუგებრობას, ისეთი დიდი ნიაღვარი იყო [დეზინფორმაციის], თითქოს მტრის მხარეს დგებოდა ჩვენი ქვეყანა და ამას ყველამ ერთად გავუძელით, მთელმა სახელმწიფომ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა.
„ის მთელი მოქმედებები, რომელიც ბრჭყალებში ვიტყვი, თითქოს ჩვენი კეთილის მსურველები, პარტნიორები, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია და მთლიანად, უკვე აღარც არის დამალული, პირდაპირ შეგვიძლია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, იმ რადიკალური ფრთის მოქმედებას მაშინაც და დღესაც, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულია სწორედ ამ ძალებზე და მხოლოდ მათი დაკვეთით მოქმედებს. მათ არსებულ ტელევიზიებში პროპაგანდა მიდიოდა, რომ რუსეთი როგორი სუსტია, პატრიოტულ ნოტებზე გადაჰყავდათ და აგულიანებდნენ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ როგორი შანსი გვაქვს ახლა, დავაბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ეს უმოქმედო რუსი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. აი, ამ ზეწოლებს ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ეს ბრძოლის პროცესია და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას.
უკრაინის ომის შემდეგ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს, პატრიოტია და იცავს ამ ქვეყნის ღირებულებას და ინტერესებს, შეიძინა გამოცდილება და მისთვის ნათელი გახდა, რასთან გვქონდა საქმე, მით უმეტეს ამ ფონზე, ამ ოთხი წლის შემდეგ, ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, ასეთ დროს საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |