მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა.შ., ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
როგორც მან აღნიშნა, ვერ შეიწყალებს იმ პირებს, რომელთა შეწყალების საკითხიც დააყენა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვინაიდან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პირები კიდევ უფრო მეტად საშიშნი არ იქნებიან საზოგადოებისთვის.
„მე დავუსვი მას კითხვები. შეწყალების თემაზე მას ჰქონდა, თხოვნას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ასეთი დაძაბულობაა, იქნებ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას ვუპასუხე, რომ ერთ წელიწადში დაახლოებით ათასამდე ადამიანი შევიწყალე, შეწყალების აქტს ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამთ, ჰუმანური აქტია, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ტოლერანტული იყო, ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალო, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ, რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს, რომ გამოვა, აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მან ჩაიდინა, ვიღაც რომ მთხოვს, გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს, მერე მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს, ამის გარანტიას ისინი ხომ ვერ გაძლევენ?! ვერც მოგცემენ ამის გარანტიას, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის გარანტია, ჩვენ ეს ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე. როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმდენად მყარად ვართ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, 100 პროცენტით კი არა, 1000 პროცენტით მართლები ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |