საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში განხილვა გრძელდება. კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
ცვლილებებით, დაზუსტდება და კოდექსში ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე ამა თუ იმ პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანს კოდექსის სრულყოფა წარმოადგენს.
„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მხოლოდ საქართველოს არამოქალაქე 18 წელს მიღწეული პირების მიერ იქნებიან არჩევნებისთვის წარმოდგენილი. ეს წესი არ ეხება მოცემულობას, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქეებით იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო სტანდარტი ბოლომდე უნდა იყოს დაცული, რადგან საქმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ეხება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |