ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.
მისივე თქმით, გერმანიის ელჩმა შეცდომები იმიტომ დაუშვა, რომ ავი სიხარულით გაუხარდა, საქართველოში რამე ცუდი თუ ხდება.
„გერმანიის ელჩმა პირველი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და თავის დროზე დაიწყო კომენტირება ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქ ჰყავს თავისი ელჩი და არ სჭირდება მას გერმანიის და სხვა ქვეყნების კომენტარების მიშველება. ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, ჩაანაცვლოს ის. არ ვიცი, შეიძლება ჰგონია, რომ მას, გერმანიის ელჩს, მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს. თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, არ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის ამის თქმა და იტყოდა ყველაფერს. ბატონმა პეტერმა ეს შეცდომა დაუშვა იმიტომ, რომ გაუხარდა. აი, ეს არის ავი სიხარული, რომელიც მაშინ ამოიკითხეთ ბატონი პეტერის განცხადებასა და სახეში, რომ აი, ქართველებო, ახლა ნახეთ, რა მოუვა თქვენს პორტს. და თქვა კიდეც, რომ უხარია, რაიმე ცუდი რომ მოხდეს საქართველოში. მეორე შეცდომა დაუშვა, რომ თქვა, მტკიცებულებებია წარმოდგენილიო. თვითონ თუ აქვს ნანახი ეს მტკიცებულება?! ჩვენ ნუ გვაჩვენებს, უბრალოდ თქვას, ნანახი აქვს თუ არა. რა თქმა უნდა, არ აქვს, რადგან ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა გერმანიის ელჩს, დაანებოს თავი იარლიყების მიკერებასა და ადამიანების სტიგმატიზებას.
„ბატონ პეტერს ასევე, მგონი, თავი ბრიტანეთის ელჩადაც წარმოუდგენია, როცა ის სანქციებზე საუბრობს. ეს თავდასხმა არის ბრიტანეთის მხრიდან, თუ არა და გერმანიამ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. რატომ ლაპარაკობს ბატონი პეტერი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად და იყენებს ასეთ მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ?! ზოგადად, ამაშიც იკითხება ავი სიხარული და ასევე იკითხება ზიზღი თავისუფალი მედიის და ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მის გემოვნებას არ შეესაბამება. ამგვარი იარლიყების მიკერება, როგორც ჩანს, ჩვევაა და მე ვურჩევდი ბატონ პეტერს, გაეშვას იარლიყების მიკერებას. ეს არ არის ის, რითაც გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს დაკავებული, რომ იარლიყები მიაკეროს და სტიგმატიზება მოახდინოს ადამიანების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |