საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული დოკუმენტი არის ცილისწამება და ჭორებზე დაფუძნებული.
„ფაქტია, მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული. თავად დოკუმენტში ამბობს, რომ არის მონათხრობები, მაგალითად, წამებაზე – ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, როცა დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა ეს. მტკიცებულებები სხვა არის და მონაყოლი სხვა. მონაყოლით ჩვენ ვიცოდით, რომ ადამიანები შიმშილობდნენ, ორი ადამიანის მონაყოლზე იყო აწყობილი მთელი სიუჟეტები, რომ შიმშილობენ ადამიანები, სამნი, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე. აღმოჩნდა, რომ კი არ შიმშილობენ, კარგსაც ჭამენ, კარგსაც სვამენ, ჩხუბი, თუ რაღაც გარჩევაც ჰქონდათ ერთმანეთში, რაც ვნახეთ კადრებში. ასეთი მონაყოლებით არის აწყობილი მთლიანად ეს დასკვნა. ჩვენ ვაპირებთ, მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში სადაც დაუპირისპირდნენ, მათ შორის ევროპული ძალები, ყველგან დამარცხდნენ.
„რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ, მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ძალები, საერთაშორისო სასამართლოებში ყველგან დამარცხდნენ, ყველგან, განურჩევლად. სტრასბურგის სასამართლოში ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ყველა საქმეზე. ბრიუსელი, რომლის მოქმედი ელჩი იუსტიციის მინისტრთან მიდიოდა ცრუ დემარშებით სააკაშვილთან დაკავშირებით, დამარცხდა სტრასბურგში საქართველოსთან. ასევე დამარცხდნენ არბიტრაჟებში საქართველოსთან თაღლითური სქემებისთვის, რომელიც „ლელოს“ ხელმძღვანელობას ჰქონდა აწყობილი. დამარცხდა ყველა არბიტრაჟში.
ასე რომ, საერთაშორისო სასამართლოში თუ ვინმეს უნდა წასვლა, ვინმე თუ ფიქრობს ასეთ რაღაცებზე, იცოდეს, რომ ყველგან დამარცხდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ შექმნას საინფორმაციო ხმაური.
„მთელი სია ჩამოწერეს, როგორ უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ, კიდევ დაიჭირონ, დააპატიმრონ და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად, შეადგინეს სადამსჯელო დოკუმენტი, რომ ჰქონდეს საინფორმაციო ხმაური, ვინ ვის სად უჩივლებს, ვინ რას გააკეთებს და ა.შ. აბსოლუტურად ყოველგვარ ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია.
მაგალითად, რეკომენდაციაა, რომ მომდევნო არჩევნებში მოწვეული იყოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც თავისთავადია და არავის, მით უმეტეს, პოლონეთის ხელისუფლების შეხსენება არ გვჭირდება. რაც მთავარია, რისთვისაც შეკერეს ეს საქმე საქართველოს წინააღმდეგ, რომ კანონები უნდა გააუქმო, სარჩელი გამოიწვიო, გამოუშვა პატიმრები, სია რატომ არ არის? ვნახე დოკუმენტი და იმედი მქონდა, იქნებ, თანდართულად ყოფილიყო სია, ეს ხალხი გაათავისუფლეთო. ხომ წერია, გაათავისუფლეთ პატიმრები, განსაკუთრებით პოლიტიკოსებიო, მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს? ანუ, ამ სიაშია ტერორისტი? ადამიანი, რომელსაც ტერორისტული აქტის ბრალდება აქვს წარდგენილი? რატომ არ აკეთებენ ამ სიას? ხომ ვიცით, რატომაც არ აკეთებენ – როგორც კი ერთ სახელს და გვარს იტყვიან, ნახავენ, რომ ყველასთან დაკავშირებით არსებობს დანაშაულის მტკიცებულებები.
მთავარი მაქინაცია, რასაც სჩადიან დღეს ბრიუსელი და ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ, არის ცრუ ბრალდებები, რომელიც ზოგადი სახითაა წარმოდგენილი.
მაგალითად, როდესაც საუბარი იყო მოწამვლაზე, ამ დოკუმენტშიც ჩაწერეს, იქნებ გამოიძიოთო, კი მაგრამ ვინ დაუშალა ამ ქალბატონს, რომ ჩაეხედა? ოთხი თვის წინ შესთავაზა საქართველოს მთავრობამ, რომ აგერ არის გამოძიების შედეგები, თუ რამე კითხვის ნიშნები აქვს რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციას, მოგვმართეთ, გაჩვენებთ. იცით, რამდენმა მიმართა? არავინ. რატომ? იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, მტყუანია ბრიუსელი და ევროკავშირი ქართველ ხალხთან დაკავშირებით.
ვერ ასახელებენ ერთ პოლიტპატიმარს, რადგან ყველგან არის მტკიცებულებები. აბა, რა უნდა თქვან. სხვათა შორის, ვნახე რომ ალეკო ელისაშვილი „ლელოსთან“ ერთად არის ისევ, დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ლელოს“ შემადგენლობაში და მის კოალიციაში არის პარტია, რომლის თავმჯდომარე ბრალდებულია ტერორისტული აქტის ჩადენაში.
„ლელოს“ და მისი „ალდეს“, ევროპული მფარველი ორგანიზაციის თვითდისკრედიტაციაა, როდესაც ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის პარტია ჰყავთ საკუთარ კოალიციაში. არაერთხელ მოვუწოდე, გაემიჯნონ, არ ემიჯნება. ასე რომ, „ალდე“ არის დღეს ევროპული გაერთიანება პარტიების, რომლის რიგებშიც ტერორიზმისთვის ბრალდებული ადამიანია. ეს ყველაფერი არის დიდი აფერა. მთავარი ამოცანაა, შექმნას საინფორმაციო ხმაური – თითქოს სასამართლო, რაღაც მოწოდება, აბსოლუტური სისულელეებითაა გაჯერებული, რომელიც ყოველგვარ მტკიცებულებებს მოწყვეტილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |