შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი კონკრეტულ შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გადახედვას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, მთავარი მიზანია დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები, ნაკლები ადამიანი დაშავდეს და ნაკლები გარდაიცვალოს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები იმისათვის, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს, ნაკლები გარდაიცვალოს. სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა იმისათვის, რომ კონკრეტულმა პირებმა გადაიხადონ ჯარიმები და ეს არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. ცვლილებები ეხება სწორედ იმ მიმართულებებს, სადაც ყველაზე მეტად ხდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და ყველაზე მეტად იწვევდა ავტოავარიებსა და გზებზე გარდაცვალებას“, - აღნიშნა დარახველიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი. ცვლილებები ეხება საგზაო უსაფრთხოებას და მკაცრდება სანქციები. მთელი რიგი მიმართულებით იზრდება ჯარიმები.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |