საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის.
საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.
აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.
საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის დამატებით, “მაღალი რისკის” ქვეყანათა რაოდენობა, რომლებზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება, 50-მდე გაიზარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის სიაში უკვე იყვნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |